English / ქართული / русский /
რუსუდან პაპასკირინიკა ტყებუჩავა
საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკათაშორისი სისტემის გავლენა მსოფლიოში აქტუალურ პროცესებზე

ანოტაცია. 2022 წელს განსაკუთრებით აქტუალური გახდა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკთაშორისი გადარიცხვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ მხრივ მრავალი კვლევა და დაკვირვება ხორციელდება როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივად ქართულ სინამდვილეში. კვლევა ეფუძნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარ ფინანსურ გადარიცხვებს, მისი ზეგავლენის ანალიზს, რაც სასარგებლო იქნება საქართველოსთვის.

სტატიაში განხილულია თანამედროვე საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკათაშორისი სისტემა, მათ შორის  SWIFT;  მისი ზეგავლენა მსოფლიოს  საფინანსო სიტემაზე, SWIFT-ის როლი ფინანსურ სანქციებთან მიმართებით.

 ნაშრომის მიზანია, მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე დაყრდნობით, წარმოვადგინოთ, როგორ მოქმედებს საქართველოში SWIFT, დავსახოთ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკთაშორისი სისტემების განვითარების პრიორიტეტული გზები.

საერთაშორისო ანგარიშსწორების თანამედროვე ფორმებისა და მეთოდების დანერგვა უზრუნველყოფს საქართველოში საბანკო საფინანსო სისტემის ეფექტურ მუშაობას, საერთაშორისო სტანდარტებისა და ტექნოლოგიების განვითარებას გლობალური მასშტაბით. რეალურ დროში გადარიცხვები ხელს უწყობს საერთაშორისო  ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს განვითარებას. საქართველოში ანგარიშსწორების სისტემის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია ბანკების მაღალტექნოლოგიური განვითარება, რათა მათ შეძლონ მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. აუცილებელია ბანკებს შორის კონკურენციის გაზრდის  ხელშეწყობა. დაუშვებელია საერთშორისო სანქციების გვერდის ავლა, ვინაიდან სწორედ მასზე გადის ქვეყნის ეკონომიკის განვითარება.

საკვანძო სიტყვები: საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკთაშორისი სისტემა;  SWIFT; ფინანსური სანქციები;  ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა – SPFS; რუსეთის შიდა გადარიცხვის სიტემა MIR. 

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და SWIFT-ს შორის კოპენჰაგენში, SWIFT-ის ყოველწლიურ კონგრესზე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის  მიხედვით, პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ავტომატიზებული საკლირინგო სისტემისთვის SWIFT-ის სტანდარტებისა და ტექნოლოგიების გამოყენება, მეორე ეტაპზე – რეალურ დროში ანგარიშსწორების სისტემის განახლება. SWIFT კონცენტრირებულია 3 სტრატეგიულ  პრიორიტეტზე – კლიენტებისთვის ხარისხის შეთავაზება, საბაზრო ინფრასტრუქტურათა მხარდაჭერა და სვიფტის მომავალი თაობის გაზრდა. ამის დასტურია ყოველწლიურად მზარდი მაჩვენებლები. მაგალითად, 2021 წელს SWIFT-ი  დღეში საშუალოდ 42,0 მილიონ FIN შეტყობინებას აფიქსირებდა. საშუალო დღიური ტრაფიკი +11.4%-ით გაიზარდა 2020 წლის  ანალოგიურ  პერიოდთან  შედარებით. 

სურათი 1.1. ყოველდღიური ფინანსური  ნაკადების  მოძრაობა SWIFT სისტემაში.

 

SWIFT არის უსაფრთხო ფინანსური შეტყობინებების სერვისების გლობალური მიმწოდებელი საქართველოში. დაარსებული 1973 წელს, ის აკავშირებს 11000-ზე მეტ ბანკს, ფინანსურ ინსტიტუტსა და კორპორაციას 200-ზე მეტ ქვეყანაში. SWIFT-ს ზედამხედველობას უწევს G-10 ცენტრალური ბანკები (ბელგია, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, შვეიცარია და შვედეთი), ისევე როგორც ევროპის ცენტრალური ბანკი თავისი წამყვანი ზედამხედველით.

SWIFT-ის  ფუნქციები:

ü გზავნილთაგადაცემის საიმედეობაა და  სრული  უსაფრთხოება;

ü ოპერაციული  დანახაჯების  შემცირება  ტელექსელურ  კავშირთან  შედარებით;

ü გზავნილთა  სწრაფი  გადაცემა  დედამიწის  ნებისმიერ  წერტილში;

ü მონაცემთა  ავტომატიზებული  დამუშავების   შესაძლებლობა;

ü SWIFT-ის  წევრ-ბანკების  კონკურენტუნარიანობის   ამაღლება;

SWIFT-ი ეფექტურად აკონტროლებს შეტყობინებებს, რომლებსაც მომხმარებლები აგზავნიან მისი სისტემის მეშვეობით. ყველა გადაწყვეტილება ფინანსური ტრანზაქციების ლეგიტიმურობის შესახებ მიიღება მოქმედი რეგულაციებით.

2012 წლის მარტში, ირანის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების გასაძლიერებლად, საერთაშორისო და მრავალმხრივი ქმედებების შესაბამისად, მიიღეს  ევროკავშირის რეგულაცია 267/2012. ის უკრძალავს ფინანსური მესიჯების სპეციალიზებულ პროვაიდერს, როგორიცაა SWIFT-ი, უზრუნველყოს მომსახურება ევროკავშირის მიერ სანქცირებული ირანული ბანკებისთვის. SWIFT-ი მოქმედებს ბელგიის კანონმდებლობით. SWIFT-მა შეასრულა მარეგულირებელი ვალდებულება ევროკავშირის მიერ სანქცირებული შესაბამისი ბანკების გარიცხვით.

უკრაინელი  ხალხის გენოციდის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა დაიწყეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. 2022 წლის 22 თებერვალს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ჯონსონმა გამოაცხადა სანქციები რუსულ ბანკზე: კერძოდ, Rossiya Bank, Industrialny Sberegatelny Bank, General Bank, Promsvyazbank, Black Sea Bank, VTB. რუსეთის სიდიდით მეორე ბანკი VTB, რომელიც აფინანსებს რუსეთის სამხედრო მანქანას, იმ კრედიტორებს შორისაა, რომლებიც  ამოიღეს SWIFT-დან. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აუკრძალეს ევროკავშირის ინვესტორებს რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციებით ვაჭრობა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა სანქციები VEB.RF-სა და Promsvyazbank ბანკებზე.  სანქციები ასევე მოიცავს ექსპორტის კონტროლს.

ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა – SPFS  არის  ფინანსური გადარიცხვების SWIFT სისტემის რუსული ეკვივალენტი, შემუშავებული რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ. პირველი ტრანზაქცია SPFS ქსელში, რომელშიც მონაწილეობდა არასაბანკო საწარმო, შესრულდა 2017 წლის დეკემბერში. რუსეთის მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს SPFS-ის გაფართოებაზე განვითარებად ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი და ირანი. მისი შეზღუდვების გამო, SPFS სისტემა არ შეიძლება გავნიხილოთ, როგორც SWIFT ქსელის შემცვლელი. 2019 წლიდან მიღწეულია მრავალი  შეთანხმება SPFS-ის დასაკავშირებლად სხვა ქვეყნების გადახდის სისტემებთან ჩინეთში, ინდოეთში, ირანში, ისევე როგორც EAEU-ის ქვეყნებში, რომლებიც გეგმავენ უშუალოდ SPFS-ის გამოყენებას. 2020 წლის ბოლოს SPFS-თან დაკავშირებული იყო 23 უცხოური ბანკი სომხეთიდან, ბელორუსიიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და შვეიცარიიდან.

Sberbank-ი, რუსეთის უმსხვილესი ბანკი და Gazprombank-ი ჯერჯერობით ინახება SWIFT-ზე, რადგან ისინი ხელს უწყობენ დასავლეთის გადახდების დიდ ნაწილს რუსულ ნავთობსა და გაზზე. SWIFT შეიძლება იყოს უფრო მიმზიდველი სამიზნე, ვიდრე ცალკეული ბანკები, რადგან ის არის გლობალური ფინანსური ქსელის მნიშვნელოვანი წერტილი.  SWIFT-ის დარტყმა ძალიან საზიანო იქნება რუსეთის საბანკო სისტემისთვის. 11000-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი იყენებს სისტემას, რომელიც ხელს უწყობს ტრილიონობით დოლარის ღირებულების ტრანზაქციას ყოველდღიურად.

რუსეთში მოქმედებს  შიდა გადარიცხვის სისტემა MIR. ის დაარსდა 2017 წელს. სისტემას მართავს რუსეთის ეროვნული ბარათით გადახდის სისტემა [ru]. ეს არის რუსული გადახდის სისტემა ელექტრონული ფულადი სახსრების გადარიცხვებისთვის. MIR-ის განვითარება და განხორციელება 2014 წელს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დაწესებამ გამოიწვია.

MIR-ის ბარათებს თავდაპირველად იღებდნენ, ძირითადად, რუსეთში დაფუძნებული კომპანიები, როგორიცაა აეროფლოტი და რუსეთის რკინიგზა, მაგრამ ის თანდათან პოპულარული გახდა უცხოურ კომპანიებს შორის, რომლებიც მუშაობენ რუსეთში.

2016  წლის აპრილში, AliExpress-ი გახდა პირველი უცხოური კომპანია, რომელმაც მიიღო MIR-ი, როგორც გადახდის ფორმა რუსეთის ფედერაციაში. მაკდონალდსი (Macdonadsi) იყო პირველი ამერიკული კომპანია, რომელმაც მიიღო იგი სამი თვის შემდეგ.  MIR სისტემა დაინერგა სომხეთში 2018 წელს, ხოლო 2019 წელს – რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, თურქეთსა და უზბეკეთში. 2021 წლის ოქტომბერში MIR ამოქმედდა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.

უკრაინასთან საომარი მოქმედებების გამო არაერთმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა ინვესტიციები.

რუსეთი სავალუტო რეზერვებს ზრდიდა  ჩინური იუანისა და ოქროს ხარჯზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

შვედეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი Handelsbanken-ი 21 მარტიდან საქართველოსთან და სომხეთთან ფინანსურ ტრანზაქციებს აჩერებს. გადაწყვეტილების მიზეზად ტრანზიტული ტრანზაქციების რისკი დასახელდა. კერძოდ, შვედური ბანკი შიშობს, რომ საქართველოში და სომხეთში გადარიცხული თანხები შესაძლოა ტრანზიტულად გადამისამართდეს სანქცირებულ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთშიც, რომელსაც დასავლეთმა ფინანსური სანქციები დაუწესა. ადგილობრივ ბანკებს დაევალათ მკაცრი კონტროლი გაუწიონ ქვეყნებს შორის საბანკო ოპერაციებს, ვინაიდან ამის გაკონტროლება საკმაოდ რთულია, ზოგიერთი ბანკი ამ მიზეზით საქართველოს სისტემიდან გამორთვას ითხოვს. ეროვნულბა ბანკმა უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. სახელმწიფომ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ ხელს არ შეუშლის საერთაშორისო სანქციების მიზანს და არ გახდება შავი ხვრელი. საქართველოსთვის, როგორც განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, საერთაშორისო ანგარიშსწორების სისტემა არის ქვეყნის ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარების საუკეთესო საშუალება, სადაც ტრანზაქციების განხორციელება 24-სა­ათიან რეჟიმშია შესაძლებელი, რაც მის უნიკალურობას უსვამს ხაზს.

ანგარიშსწორების სისტემების გამართული ფუნქციონირება ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად მოქმედებს. საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების პროცესში მნიშვნელოვანია განვითარებული ანგარიშსწორების სისტემის ფლობა, ბანკებს შორის ჯანსაღი კონკურენცია. თითოეული ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში გამოყენებული ანგარიშსწორების თანამედროვე ფორმებისა და მეთოდების დანერგვა და ათვისება. ეს,  თავის მხრივ, იძლევა მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში სრულფასოვნად ინტეგრირების საშუალებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. ლ. სულხანიშვილი, რ.პაპასკირი, ი.დავრაშელიძე, „ფინანსური ბაზრები და ფინანსური ინსტიტუტები“, გამომცემლობა „საჩინო“ თბილისი 2021;

2. ი. მესხია, „საერთასორისო ფინანსები“, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი 2012;

3.  MIR (payment system) https://en.wikipedia.org/wiki/Mir_(payment_system);

4. ბიზნესი &Bloomberg https://businessformula.ge/News/7645;

5. ყოველდღიური  ფინასური  ნაკადების  მოძრაობა  https://www.swift.com/about us/discover-swift/fin-traffic-figures ;

6. რუსეთის  ეკონომიკა https://ka.wikipedia.org/wiki/ %E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98#% E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9 D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90